
წაშლილი, მაგრამ დაუვიწყარი: დემოკრატიული საქართველოს დამახინჯებული ისტორია

დამოუკიდებლობის პირველი გამოცდილება
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც მართალია, 3 წელიც ვერ იარსება, თუმცა მისი მემკვიდრეობა დღევანდელი საქართველოსთვის ფასდაუდებელ გამოცდილებას წარმოადგენს.
1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო რეპრესიებმა, ისტორიის მიზანმიმართულმა გადაწერამ და საბჭოთა პროპაგანდამ ეს პერიოდი საზოგადოებრივ მეხსიერებაში სულ სხვაგვარად ჩაწერა.
დემოკრატიული რესპუბლიკა გამოირჩეოდა პროგრესული და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. ქვეყანას ჰყავდა არჩეული პარლამენტი, ფუნქციონირებდა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა, სამართლებრივი ინსტიტუტები, თავისუფალი მედია და ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობები. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია - მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქალებს საარჩევნო უფლება მიანიჭა. გარდა საშინაო მიღწევებისა, რესპუბლიკა აქტიურად ცდილობდა საერთაშორისო აღიარების მოპოვებას. 1920 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტო სცნო საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა. ამას წინ უძღოდა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთთან, რომლითაც საბჭოთა ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
დღეს, როდესაც საქართველო კვლავ დემოკრატიული განვითარების გზას ადგას, 1918-1921 წლების რესპუბლიკის შესწავლა არა მხოლოდ ისტორიული ინტერესის საკითხი, არამედ ჩვენი პოლიტიკური თვითშეგნების, იდენტობის და თავისუფლების იდეალის ჩამოყალიბების არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილია.

საბჭოთა პროპაგანდის მანქანა
1921 წლის თებერვალში, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს სამხედრო აგრესია წარმოაჩინა არა როგორც ოკუპაცია, არამედ როგორც ქართველი მუშებისა და გლეხების გათავისუფლება მენშევიკური რეჟიმისგან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. სწორედ აქედან იწყება საბჭოთა პროპაგანდის მრავალწლიანი და მიზანმიმართული მცდელობა - დაემახინჯებინა 1918-21 წლების ისტორია და დაეკნინებინა დემოკრატიული რესპუბლიკის რეალური მნიშვნელობა. აიკრძალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხსენებაც კი, ხოლო მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლებს მოიხსენიებდნენ, როგორც „სოციალ-გამყიდვლები“, „სოციალ-ფაშისტები“. მათ ბრალად ედებოდათ: საქართველოს ჩამოშორება რუსეთისგან, ქვეყნის დასავლელი კაპიტალისტების მარწუხებქვეშ მოქცევა, აჭარის თურქებისათვის გადაცემის განზრახვა, საბჭოთა რუსეთთან ომის წამოწყება, უცხო ქვეყნის ჯარების შემოყვანა, საქართველოს განძის გატაცება.
გაწითლების შემდეგ საბჭოთა პ როპაგანდამ დიდი შრომა გასწია, რომ ეჭქვეშ დაეყენებინა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ლეგიტიმაცია, დამოუკიდებელ ქვეყანაში შეჭრა გაემართლებინა და ეს ყველაფერი შეეფუთა, როგორც ქართველი ხალხის ნება და მათი დახმარება.
პროპაგანდის დასაწყისი
საბჭოთა კავშირმა დანერგა ცრუ ნარატივი, რომლის შესაქმნელად არაერთი ხერხი იქნა გამოყენებული. საბჭოური პროპაგანდა საკმაოდ განსხვავებული იყო. საბჭოთა პროპაგანდა საქართველოში თავიდან რბილად დაიწყო, რადგან:
-
სჭირდებოდათ მოსახლეობის თავისკენ შემობრუნება
-
ცდილობდნენ დასავლეთისთვის დაემტკიცებინათ „სამართლიანობა“
-
ბოლშევიკები ჯერ კიდევ არ იყვნენ საკმარისად ძლიერები, რომ თავისუფლად გადაეწერათ ყველაფერი
ამ ყველაფრის ფონზე, თავდაპირველად არ გაუქმებულა 26 მაისი, არ აკრძალულა ეროვნული სიმბოლოები, მეტიც საბჭოთა ხელისუფლება რამდენიმე კვირის განმავლობაში ფორმალურად იცავდა „საქართველოს დამოუკიდებლობის“ იდეას. ამ საწყის ეტაპზე ინტელიგენციამ სცადა, როგორღაც ფეხი აეწყო ახალი რეალობისთვის. მაგალითად, გაზეთი „სოციალისტ-ფედერალისტი“ აქტიურად თანამშრომლობდა საოკუპაციო ხელისუფლებასთან.
1922 წელს სიტუაცია შეიცვალა. აიკრძალა 26 მაისის აღნიშვნა, დამოუკიდებლობის ახალ დღედ 25 თებერვალი გამოცხადდა. ბოლშევიკურმა რაჟიმმა ძალაუფლება გაიმყარა და უკვე დაიწყო აქტიური პროპაგანდის გატარება: მენშევიკური პერიოდის დემონიზაცია, ისტორიის გადაწერის პროცესი სკოლებსა და მედიაში, სახელმწიფო არქივების გადახედვა, პოლიტიკური რეპრესიები და ინტელიგენციის წმენდა.
პროპაგანდის მთავარი ხერხები
პროპაგანდის იარაღად შეიძლება იქცეს ყველაფერი, რაზეც მმართველ ძალას ხელი მიუწვდება. პროპაგანდა ესაა “ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით.” საბჭოთა კავშირმა კარგად გამოიყენა ხელოვნება, კინო, ლიტერატურა, პოსტერები, სხვადასხვა კამპანიები და ბევრი სხვა.

საბჭოთა კავშირისთვის პროპაგანდის გავრცელება ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
კოლექტიური მეხსიერება და დუმილი
როგორც ბატონმა გიორგიმ ახსენა, ის, რაც საბჭოთა კავშირმა საუკეთესოდ შეძლო - ეს იყო კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბება. კოლექტიური მეხსიერება არის საზოგადოების მიერ წარსულის ერთნაირად აღქმა - რას ივიწყებს, რას იმახსოვრებს და როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს. როგორ მოხდა მისი ჩამოყალიბება? მარტივი პასუხია - პროპაგანდით. გავრცელებული იყო "საბჭოთა დავიწყება" - პერსონების, მოვლენების ან თარიღების გამოტოვება კოლექტიური მეხსიერებიდან. საბჭოთა კავშირის ცნობილი გზა იყო იმ გმირების პოპულარიზაცია, რომლებიც პროპაგანდას კარგად ერგებოდა. მათ იყენებდნენ საერთო იდეის შესაქმნელად, რომ რუსეთი იყო “დიდი ძმა”, რომელმაც პატარა, დაჩაგრული ერები შემოიკრიბა და ეს ერები ვალდებულნი იყვნენ მიებაძათ მისთვის. შესაბამისად, ერთიანი იდენტობის შექმნის პროცესში, ცალკეული რესპუბლიკების ისტორია უკანა ფლაგზე გადავიდა. უცხო არ იყო ისტორიის გაყალბება და დამახინჯება. სწორედ ამ ფონზე იწყება ივანე ჯავახიშვილის დაპირისპირება საბჭოთა ხელისუფლებასთან, რადგან მისი ნაშრომები არ იყო ხელისუფლები მოთხოვნების შესაბამისი ( ქარცივაძე მ., & ვაჭარაძე ა. ისტორიის პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და ივანე ჯავახიშვილის ბედი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი).
ბუნებრივია, ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ წასულიყვნენ პროპაგანდის წინააღმდეგ და ემხილათ იგი, ბედი კარგს არაფერს უქადდა. განსაკუთრებით 30-იანი წლების რეპრესიებისას (“დიდი ტერორი”) ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ, საზოგადოება მიიყვანა სრულ დუმილამდე, რაც არის კიდეც ტოტალური მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. სწორედ ეს დამუნჯება ნიშნავს მეხსიერების შექმნის უნარის დაკარგვას. ჭკვიანური პროპაგანდითა და არც თუ ისე ფარული ძალადობით, საბჭოთა კავშირმა მოახერხა შეექმნა ნარატივი, რომელიც აწყობდა, სრულიად გადაესხვაფერებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და მეტიც - საერთოდ გაექრო ის ხალხის მეხსიერებიდან.
რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი საბჭოთა პროპაგანდის მიერ დამახინჯებული ისტორიის გაცნობიერება?
საბჭოთა პროპაგანდამ შეცვალა წარსულის ნარატივი და გააზრებულად დაანგრია ისტორიის მიმართ საზოგადოების ნდობა. 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი ღირებულებებით, დემოკრატიული ინსტიტუტებითა და ევროპული კურსით წაშალეს კოლექტიური მეხსიერებიდან და შეცვალეს მითით, თითქოს საქართველო მხოლოდ საბჭოთა კავშირის დახმარებით გადარჩა. დღეს, როდესაც საქართველო აგრძელებს ევროპული განვითარების გზას და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის გაძლიერება სურს, ამ მეხსიერების აღდგენა პოლიტიკური, კულტურული და სამოქალაქო მნიშვნელობის მატარებელია. პირველად ისტორიის ამ ნაწილის შესწავლა 80-90-იან წლებში დაიწყო - მაშინ, როცა საბჭოეთის კონტროლი შესუსტდა და ეროვნულმა მოძრაობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი წამოაყენა. დღეს ისტორიკოსები და მკვლევრები ცდილობენ არა მხოლოდ ფაქტების აღდგენას, არამედ იმის გააზრებას, როგორ იქმნებოდა დეზინფორმაცია და როგორ რჩებოდა იგი მოქმედ ძალად თაობებში.
მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, სამი რამე გავიაზროთ:
დამახინჯებული წარსული მახინჯ მომავალს შობს

1
წარსულის ცოდნა იდენტობის საფუძველია
2
დამახინჯებული წარსული მახინჯ მომავალს შობს
3
დემოკრატიის დაცვა ისტორიის აღდგენით იწყება


